თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდაჭერა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
"მიუხედავად ნათელი რეალობისა, ევროპული ქვეყნები ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ისინი დანაღმულ ველზე ცეკვავენ", - განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე რიგი ქვეყნები პირდაპირ ან არაპირდაპირ ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
"ჩვენი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ გაზომილი და ლეგიტიმურია. ჩვენს რეგიონსა და თურქეთში აქტიური თითოეული ტერორისტული ორგანიზაცია თურქეთის წინააღმდეგ ერთიანდება. ბევრმა ქვეყანამ, უპირველესად კი დასავლეთის ქვეყნებმა ჯერ კიდევ ვერ წარმოაჩინეს პრინციპული პოზიცია ამ დაჯგუფებების წინააღმდეგ", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბელგიის მთავრობამ "ქურთების მუშათა პარტიის" მხარდამჭერებს ბრიუსელში იმ შენობასთან კარავის გაშლის ნება დართო, სადაც სამიტი მიმდინარეობს.
"ქურთების მუშათა პარტიას" ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე მიგრაციის კრიზისზე მსჯელობენ. ევროპელმა ლიდერებმა მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით თურქეთს ერთობლივი წინადადება უნდა წარუდგინონ. წინადადება საბერძნეთში თურქეთიდან გადასული ყველა მიგრანტის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა, ფინანსური დახმარება გაუწიოს და შენგენის ქვეყნებში თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გააუქმოს.