"მაკა ასათიანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება"

ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მაკა ასათიანი ტელეკომპანიის თანადამფუძნებლებთან მოლაპარაკებებს კატეგორიულად გამორიცხავს.

"პირWელს" ბაია გადაბაძემ განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი, დღეს, განცხადების გავრცელებას გეგმავს.

"არ ვიცი, კარს უკან, ვინ სად ლაპარაკობს და ამით შეგნებულად არ ვინტერესდები. მე ვიხელმძღვანელებ იმით, რას იტყვის ყველა მხარე - ერთიც, მეორეც და მესამეც. მესამე მხარედ, გუშინ, ეკა აკობია და მამუკა ღლონტი გამოცხადდნენ, თუმცა არ მიმაჩნია რომ ეს ასეა. ისინი ყველა ერთად არიან ტელევიზიის დამფუძნებლები. მიმაჩნია, რომ ყველას აქვს თავისი წვლილიც და შეცდომებიც შეტანილი, ამიტომ, სამივე მხარემ ერთად უნდა ილაპარაკოს და ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს - მაკა ასათიანს გუშინ, გვიან ღამით ველაპარაკე და მითხრა, რომ ის თითქმის, კატეგორიულად გამორიცხავდა ყოველგვარ მოლაპარაკებას. თითქმის გამორიცხულს ვამბობ იმიტომ, რომ ის დღეს, ამასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ განცხადება გააკეთოს და არ მინდა მას დავასწრო. მაკა ასათიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება და არც არავინ მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას მისი სახელით",- აღნიშნა ბაია გადაბაძემ.

მოლაპარაკებებისთვის მზაობა "პირWელს" დღეს ლევან გაჩეჩილაძემ დაუდასტურა.

შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელმა ეკა აკობიამ, ტელეკომპანია "მაესტროს" დავაში მონაწილე პირებს, გუშინ, "მაესტროს" გადასარჩენად მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.

აკობია გამოდის ინიციატივით, მხარეებმა დაპირისპირება "ცისფერი ეკრანებიდან" კაბინეტებში გადაიტანონ და მოლაპარაკებები დაიწყონ.