"მაესტროს" ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა სასამართლოსთან "პირაკრულთა აქცია" გამართა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებმა, რომლებიც უარს აცხადებენ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე, ”პირაკრულთა აქცია” გამართეს.

აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს "მაესტროს" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ და დამფუძნებლებმა - მამუკა ღლონტმა და ბაჩო კიკაბიძემ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პირზე წებოვანი ლენტები აიკრეს. მიღებული გადაწყვეტილებების გამო, აქციის მონაწილეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტაში დაუკრეს.

როგორც აქციის მონაწილეების განცხადებაშია ნათქვამი, "მაესტროს" ჟურნალისტები სიმართლის გარკვევას ითხოვენ და სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთან.

"ვმაუწყებლობთ ლოგსა და სახელის გარეშე. არ ხდება ჩვენი პროდუქტების იდენტიფიცირება, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის როგორც მაყურებელს, ისე არხის თანამშრომლებს. ამის მიუხედავად ეთერის უწყვეტობას ამ დრომდე უზრუნველვყოფდით. ახლა სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ჩვენი აქ დგომით კიდევ ერთხელ ვემიჯნებით პროცესს, რომელიც მოდავე მხარეებს შორის შესაძლოა ახლა მიმდინარეობდეს, არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. იმედია, ყველა მხარე მოგვცემს მუშაობის შესაძლებლობას, დავა სასამართლოში გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება არ დატოვებს კითხვის ნიშნებს არც ჩვენთვის და არც მაყურებლისთვის", - ნათქვამია აქციის მონაწილეების განცხადებაში.

ბაია გადაბაძის თქმით კი, პირველ რიგში სწორედ სასამართლო ცდილობს "მაესტროს" ჟურნალისტებისთვის პირის აკვრას.

"ისტორია მეორდება და არის ყველანაირი მცდელობა ამ შენობაში მომუშავე მოსამართლეების მხრიდან პირი აუკრან ჟურნალისტებს. პირველ რიგში, ეს ეხება მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს. მე მათ შევთავაზე, რომ თუ ისინი მონებად არ იქცევიან 21-ე საუკუნეში და თუ რამე პრობლემა აქვთ, ჩვენვე დავუდგებით მათ გვერდში", - განაცხადა გადაბაძემ.