ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო სექტორს დანაზოგი დოლარში ჰქონდა და ახლა უწევთ მათი ლარში გადახურდავება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მოლოდინებს ჩვენს რეალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, ზოგადად ეკონომიკაში, მათ შორის, მოლოდინებზე ძალიან ბევრი რამ არის დამყარებული.
"ჩვენ გვქონდა დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან აწეული, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, კომპანიებმა ის დანაზოგები, რომლებიც მათ გააჩნდათ თავიანთ ანგარიშებზე ლარში, წინა წლის აგვისტოდან მოყოლებული, მათი გადახურდავება დაიწყეს უცხოურ ვალუტაში, დოლარში. ჩვენ ვუყურებდით ტრენდს, რომლის მიხედვითაც იზრდებოდა უცხოურ ვალუტაში აღნიშნული დანაზოგები. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გარდა იმ მაკროეკონომიკური პარამეტრებისა, რომელსაც რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჰქვია და რომლის მიხედვითაც ჩვენი ვალუტა იყო 5-დან 7 პროცენტზე მეტად გაუფასურებული, ვიდრე შედარებითი ანალიზი აჩვენებდა, აქვე იყო ეს მოლოდინებიც, რომ კომპანიებმა და მოქალაქეებმა დოლარში დანაზოგები ზედმეტად გადაახურდავეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა კერძო სექტორს დანახარჯები აქვს ლარში და შესაბამისად, მათ უწევთ ამ დოლარის უკან ლარში გადმოხურდავება.
"ჩვენ ეფექტურ კურსთან მიმართებაში ვიყავით გაუფასურებული, ახლა ვუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს, რომელიც უნდა გვქონდეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, რა ნიშნულამდე შეიძლება გამყარდეს ლარი, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ამის თქმა ძალიან ძნელია.
"რეგიონში ვალუტა მყარდება, შესაბამისად, ყველაფერი ავტომატურად აისახება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.