პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია შექმნა. შესაბამისი დადგენილების პროექტი 81 ხმით მიიღეს. კომისია, რომელმაც საზოგადოებას კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები უნდა წარუდგინოს, 15 წევრით დაკომპლექტდა.
კომისიის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: მანანა კობახიძე (კომისიის თავმჯდომარე), გუბაზ სანიკიძე, გია ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე. კომისიის ფარგლებში იმუშავებს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რეჟისორი მერაბ თავაძე და თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ნანა ჭიღლაძე.
როგორც კენჭისყრის წინ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, კომისიის წევრობა ფრაქციის ყველა წევრს უნდოდა, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ მასში ფრაქციის თავმჯდომარეები და სავალდებულო კომიტეტის წარმომადგენლები შესულიყვნენ. ვოლსკიმ აღნიშნა ისიც, რომ "კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით იყო გარკვეული უარყოფითი არგუმენტები".
"არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნული თემით პოლიტიკური დივიდენდების მიღება, ხელოვნური დაპირისპირების შექმნა შეიძლება. ეს ყველას დააზიანებს და დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არ არის თემა, რომელზეც დივიდენდების დაგროვება შეიძლება – ეროვნულობის თუ ცრუეროვნულობის" – განაცხადა გია ვოსლკიმ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.