შპს "სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, "სტუდია მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძის მხარესა და ამავე კომპანიის წილის მფლობელ, მაკა ასათაინის მხარეს შორის კომუნიკაცია შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კორძახიამ განუცხადა, კომუნიკაციის მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყება იყო.
"ჩემი ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა, თუმცა მაკა ასათიანის ადვოკატმა ეს ფაქტი უარყო. კომუნიკაცია შედგა, რომ მოხდეს მოლაპარაკების დაწყება და შეთანხმება, რათა "მაესტროს", მის ჟურნალისტებს და სახელს მაქსიმალურად არ მიადგეს ზიანი", - განაცხადა კორძახიამ.
რაც შეეხება თანამშრომლების მხრიდან შპს "სტუდია მაესტროს" დატოვებას, როგორც კორძახიამ განმარტა, უმრავლესობამ სამსახურის დატოვების განცხადება უკან გაიტანა.
"სულ 300 თანამშრომელი მუშაობს და დაახლოებით ნახევარმა დაწერა განცხადება, მაგრამ დიდმა ნაწილმა უკან გაითხოვა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მათმა უმრავლესობამ შეიცვალა პოზიცია და ამბობენ, რომ მოგვეცით მუშაობის საშუალება და დამფუძნებელთა შორის დავაში ნუ ჩაგვრთავთო. ისინი ასევე პროტესტს აცხადებენ, რომ ტელევიზია გადის ლოგოს გარეშე", - აღნიშნა კორძახიამ.