"რუსიფიკაციის ინდექსი ოკუპირებულ რეგიონებში ძალიან მაღალია"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის ინდექსი მაღალია.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, წინასწარ შეფასებას ვერ აკეთებს.

„სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთხელ იმის გამოვლინება, რომ ძალიან მაღალია რუსიფიკაციის ინდექსი და ხარისხი ოკუპირებულ რეგიონებში. იდგმება ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო მეტად იქნას საქართველოს ეს ტერიტორიები ჩართული საერთო პროცესებში. ამაზე წინასწარ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან უწყებათაშორისი კომისიის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სერგეი ლავროვთან 18 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე, მხარეები აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე იმჯელებენ.