მეზობელ ქვეყნებში არსებული ოპოზიციურად განწყობილი ძალები ცდილობდნენ, მაუწყებლობის ავტორიზება საქართველოსგან მიეღოთ და შემდეგ სატელიტით საკუთარი ქვეყნები დაეფარათ, - ამასთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა გააკეთა, რომელმაც სესიაზე, პირველი მოსმენით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში იმ ტელემაუწყებლისათვის, რომელიც საეთერო მაუწყებლობის გამოყენებით მაუწყებლობს, უნდა იყოს არანაკლებ 16 საათისა. ამასთან, პროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოში ავტორიზებული/ლიცენზირებული საერთო საეთერო ტელემაუწებლების მიერ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განთავსდეს.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან კითხვები დაისვა. უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ საქართველოსთვის პრობლემაა პრორუსული ნარატივი და პროპაგანდა, რომელიც ერთი მხრივ, საკაბელო და სატელიტურ არხებზე არსებული რუსული სახელმწიფო არხებით ვრცელდება და ასევე, ქართულენოვანი გამოცემები და ტელევიზიები, რომელიც რუსულ პროპაგანდას სიტყვა-სიტყვით იმეორებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ხელისუფლებამ სწორედ ეს უნდა აღკვეთოს. რაც შეეხება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, შედეგი კი იქნება ის, რომ საქართველოს არაქართულენოვან მოქალაქეებს შეეზღუდება უფლება, ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის შესახებ მათ ენაზე მიიღონ და ამაზე ექსკლუზივი - "საზოგადოებრივ მაუწყებელს" დარჩება.
"სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული შეზღუდვის ინიცირების მიზანი არ იყო რუსული ან სხვა ქვეყნის პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და მეზობელი ქვეყნების კონიუნქტურა რიგ შემთხვევაში ქმნის რისკის შესაძლებლობას, რომ მეზობელ ქვეყნებში არსებული – და ჩვენ გვქონდა ამის გარკეული მაგალითები, ოპოზიციურად განწყობილი ძალები ცდილობდნენ მაუწყებლობის ავტორიზება ჩვენგან მიეღოთ და შემდეგ სატელიტით საკუთარი ქვეყნები დაეფარათ, რაც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში უხერხულებას შექმნიდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ პოლიტიკური თოქ-შოუები და საინფორმაციო გამოშვებები, ზუსტად იმიტომ, რომ ძირითადად პროპაგანდა, რომელიც ფარულად ანტისახელწიფოებრივ მოწოდებას შეიცავს, სწორედ საინფორმაციო და პოლიტიკურ გადაცემებშია განხორციელებადი. გასართობ და სხვა გადაცემაში ამის რისკი არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ამ მინიმალურ შეზღუდვას ვაწესებთ", - განმარტა დავით ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.