უკვე დადასტურდა, რომ "დელტაკომი" აქამდე ტყუოდა და მთელი ბრალდება ტყუილზე იყო აგებული, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, "დელტაკომის" წარმომადგენლის გამოკითხვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრაქტიკულად არანაირი საფუძველი ბრალდებას არ აქვს.
"არ ვიცი რას იტყვის დღეს "დელტაკომის" მხარე, თუმცა უკვე დადასტურდა ის, რომ დელტაკომი აქამდე ტყუოდა და მთელი ბრალდება ტყუილზე იყო აგებული. ეს დადასტურდა უკვე სხვა მრავალი ჩვენებით და იმითაც, რომ "დელტაკომი" იტყუებოდა, როდესაც თქვა, რომ შს სამინისტროს პრაქტიკულად უფასოდ ემსახურებოდა. ამიტომ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ვინც ამ პროცესს ვაკვირდებით ერთი რამ არის ცალსახა, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. პროკურატურა მთლიანად, პრაქტიკულად, მთლიანად ბრალდების მთავარი ინსტრუმენტის გარეშე დარჩა და ერთადერთი რაც უნდა მოხდეს, რა მოლოდინიც გვაქვს, არის ის, რომ დადასტურდეს კიდევ ერთხელ სასამართლოს მიერ ამ ადამიანების უდანაშაულობა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო უფრო მეტ დროს აღარ წაიღებს და ძალიან მალე დასრულდება პროცესები და ყველა ბრალდებული და ეჭვმიტანილი გამართლდება.