ლარის გამყარების პარალელურად, რიგმა კომპანიებმა პროდუქტი გააიაფეს. ჯერჯერობით, ფასები შემცირდა მედიკამენტებსა და საწვავზე.
მოსალოდნელია თუ არა საკვებ პროდუქტებზე ფასების ცვლილება ლარის გამყარების პარალელურად, "პირWელმა" ამ კითხვით ეკონომიკის ექსპერტებს მიმართა.
ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ სურსათზე ფასების ვარდნა გამორიცხული არ არის, თუმცა ლარის გამყარების პირობებში, გაძვირებულ იმპორტზე ქვეყნის მოსახლეობის გადახდისუნარიანობის გაზრდა უფრო მოსალოდნელია.
"ამ კითხვაზე ცნობილი ნათქვამი მახსენდება, რომელსაც პოლიტიკასა და დიპლომატიაში იყენებენ: არასოდეს თქვა - არასოდეს! რაიმე კატეგორიულის თქმა არ მიმართულებით, არ შეიძლება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სურსათზე ფასების ფორმირება, დიდწილად, დამოკიდებულია იმპორტზე. ამიტომ, მარტო ჩვენი შიდა ძალისხმევა, ნამდვილად არ იქნება საკმარისი. თვალყური უნდა მივადევნოთ იმ ქვეყნებში ფასების დინამიკას და განსაკუთრებით, ეროვნული ვალუტის თანაფარდობას, ამერიკულ დოლართან. ახლა დოლარის დასუსტების და სხვა ქვეყნების ვალუტების გამყარების ზოგადი ტენდენცია შეიმჩნევა. ასეთ პირობებში, თანაც ნავთობის გაძვირების პარალელურად, ჩვენი სავაჭრო პატრნიორის ვალუტა მყარდება დოლართან მიამრთებაში და საქონლის იაფად შემოტანის პერსპექტივა საკმაოდ შეზღუდული გამოდის. ჩვენი ვალუტა მყარდება და ეს არის იმის საფუძველი, რომ შევიძინოთ არა გაიაფებული იმპორტი, არამედ, გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის გადახდისუნარიანობა. ამით გადავფაროთ სტაბილური, ან შედარებით, გაძვირებული საქონლის იმპორტი. ეს მდგომაროება იქნება უახლოესი პერიოდისათვის დამახასიათებელი", - განუცხადა არჩვაძემ "პირWელს".
ექსპერტ, ლევან კალანდაძის განცხადებით, თუ ლარის კურსის ვარდნა სტაბილურ სახეს მიიღებს, შესაძლოა, ეს პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტის ფასზეც აისახოს.
"ბუნებრივია, ლარის კურსი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საცალო ქსელში პროდუქციის ფასს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. გარკვეული მოლოდინები, ამ მიმართულებით, ბუნებრივია არსებობს. ერთი საკითხია გასათვალისწინებელი - ის, რაც იყიდება, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტები, ისე კვების პროდუქტები, მათგან, დიდი რაოდენობა დაკონტრაქტებულია ლარის მაღალი კურსის პირობებში. შესაბამისად, ეს მარაგები უნდა გაიყიდოს და ახალი კურსით დაკონტრაქტებული საქონელი შემოვიდეს. როგორც წესი, ასეთი მარაგების გაწოვას, დაახლოებით, ორი თვე სჭირდება. იმისთვის, რომ ფასების ცვლილება ვიგრძნოთ, თავად, ლარის სტაბილურობის ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს უახლოესი თვეების განმავლობაში. თუ ლარის კურსი, აღნიშნულ ტენდენციას უახლოეს თვეებში შეიანარჩუნებს, მოსალონდელი იქნება, რომ ეს ფასებზეც აისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლოდინი არ გვექნება იმისა, რომ ფასები დაიწევს", - აცხადებს ექსპერტი.