"რუსეთი დაიწყებს ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას და მოსინჯავს, რამდენად შეიძლება სიტუაციის არევა"

საგარო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის განცხადებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს და სიმშვიდე შეინარჩუნოს.

ზურაბიშვილმა გადაცემა "2030"-ში განაცხადა, რომ რუსეთი ეცდება, ქვეყანაში სიტუაცია არიოს.

"ამ ტიპის განცხადებები რუსეთისგან მოსალოდნელია, რადგან ჩვენ მივდივართ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ნათელია, რომ რუსეთი დაიწყებს ხმამაღალ განცხადებებს, რომ საზოგადოებაში მოსინჯოს რამდენად მყარია ჩვენი გადაწყვეტილებები და რამდენადაა შესაძლებელი, სიტუაციის არევა. აქ არ არის საჭირო განცხადებები, ყველაფერზე კარგი პასუხი იქნება სიმშვიდე და საქმის კეთება",-აღნიშნა ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის წინ, კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრხე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია. მისივე თქმით, საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირები ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ.