შესაძლოა, პურის ფასი გაიაფდეს

შესაძლოა, პურის ფასი გაიაფდეს

ეროვნული ვალუტის გამყარებას იმპორტიორებმა მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემცირებით უპასუხეს.

ექსპერტ ლევან კალანდაძის თქმით, თუ ლარის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლოა, ფასები პურზეც შემცირდეს.

"მოგეხსენებათ, რომ პურის საწარმოებლად 90% ხორბალი იმპორტირებულია. ხორბალი შუააზიიდან და უკრაინიდან შემოდის და აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებული მხოლოდ ლარის კურსზე არაა. პურთან მიმართებაში, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყევტ როლს თამაშობს საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი. წელს, ხორბლის ფასი  მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ლარმა გამყარების ტენდენცია შეინარჩუნა, სრულიად შესაძლებელია, რომ ზაფხულისთვის, პურთან დაკავშირებით, ფასების კორექტირებაზე ვიფიქროთ", - განაცხადა კალანდაძემ "პირWელთან" საუბარში.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ლარის გამყარება ფქვილს არ შეხებია.

"ჯერჯერობით, პურპროდუქტებს ეს არ შეხებია. ჩვენ სტაბილურად გვაქვს ფასები. როცა დოლარი გაძვირდა, პურზე იგივე ფასი იყო. ლარი რომ სტაბილიზაციისკენ მოდის, იგივე ფასი გვაქვს. პურზე საერთოდ, ფასების ხშირი ცვლა, არასერიოზულია. პური არის ბარომეტრივით, სტაბილურად უნდა იყოს ფასი. უნდა ღირდეს იმდენი, რამდენიც ღირს", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, პურზე ფასების გადახედვა ჯერჯერობით არ იგეგმება.  

"გადახედეთ ფასებს სასომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში. ჩვენთან ყველაზე დაბალი ფასი მოქმედებს", - განაცხადა პურის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა.