შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მზად არის, ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები დაიწყოს.
როგორც "პირWელს" ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა, ის "მაესტროს" დირექტორად დანიშვნისთანავე მზად იყო, დამფუძნებლებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა.
"პირველი დღიდან ვიძახი, რომ მზად ვარ, ყველა დამფუძნებელთან კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. მე მგონია, რომ ეკა აკობია მეორე მხარეს შეუთანხმდა და ადამიანური ფუნქცია იკისრა. ჩვენ, მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, დავიწყებთ",- აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.
შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეშფოთება. გაჩეჩილაძე "მაესტროს" ჟურნალისტების დღეს, დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, ამ ფაქტში ის ცუდს ვერაფერს ხედავს.
"ვერ გეტყვით, ჟურნალისტების შეშფოთება რამ გამოიწვია. მე რა აქციებიც მაქვს გამოვლილი, როგორ შეიძლება რაიმე აქციაზე ცუდი ვთქვა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ამ ფაქტზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი",- აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.
შპს "სტუდია მაესტროს" დამფუძნებელმა ეკა აკობიამ, ტელეკომპანია "მაესტროს" დავაში მონაწილე პირებს გუშინ "მაესტროს" გადასარჩენად მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.
აკობია გამოდის ინიციატივით, მხარეებმა დაპირისპირება "ცისფერი ეკრანებიდან" გადაიტანონ კაბინეტებში და მოლაპარაკებები დაიწყოს.