ირაკლი ალასანია:   არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ რუსეთის მხრიდან თითის ქნევას

ირაკლი ალასანია: არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ რუსეთის მხრიდან თითის ქნევას

არავითარ შემთხვევაში არც საზოგადოება და არც ხელისუფლება არ უნდა ავყვეთ რუსეთის მხრიდან თითის ქნევას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს მხრიდან ანტირუსული რიტორიკის გაძლიერების თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ალასანიამ განმარტა, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ყველა იმ კარტის გათამაშება დაიწყო, რაც არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას უკავშირდება.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მიიჩნევს რომ კარასინის განცხადება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში პრორუსული განწყობების მხარდაჭერას და საქართველოსთვის თითის ქნევას, რომ თუკი კარგად არ მოვიქცევით, სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს.

"არავითარ შემთხვევაში, არც საზოგადოება და არც ხელისუფლება ამ თითის ქნევას და მუქარას არ უნდა ავყვეთ. უნდა გავაგრძელოთ ძალიან ცივი გონებით, ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გავიმყაროთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გაგრძელდეს არ აღიარების პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობაში ამან სააკაშვილის დროინდელ ისტერიკაში არ უნდა გადაგვაგდოს. ცივი გონებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების უკვე სახალხო დიპლომატიურ და სავაჭრო დონეზე აღდგენა აფხაზებთან და ცხინვალის რეგიონის ოსურ მოსახლეობასთან", - განაცხადა ალასანიამ.