საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და მდივნის არჩევის წესში ცვლილებები შედის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და მდივნის არჩევის წესში ცვლილებები შედის

საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს უფლება ექნება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს. ეს არის ერთ-ერთი სიახლე იმ ცვლილებებს შორის, რომლის განხორციელებაც "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში იგეგმება. პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა.

ამავე ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა არა მისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს, არამედ წინამორბედის ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში.

პროექტით ასევე შემოთავაზებულია, რომ თუკი კანდიდატი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის თანამდებობაზე იყრის კენჭს, ხმების საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, ასეთ შემთხვევაში, სამი დღის ვადაში, ახალი კანდიდატურა დასახელდება. ამასთან, პროექტის მიხედვით, კენჭისყრაში ხმის უფლებით ვერ ისარგებლებს კანდიდატი, რომელსაც თავად უყრიან კენჭს.

ასევე ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის წესიც. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან, პლენუმზე, ღია კენჭისყრით, ხუთი წლის ვადით აირჩევა. მდივნის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებს, ხოლო მისი არჩევისათვის საკმარისი იქნება კენჭისყრაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება იმ დროს, როდესაც ის საქმის განხილვაში მონაწილეობს, მხოლოდ ასეთი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიზნით, მას უფლებამოსილების ვადა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გაუგრძელდება. კანონპროექტის გათვალისწინებით, არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები.

ასევე, ცვლილებებით, ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში უფლებამოსილება გაგრძელებულ მოსამართლეს არ შეიძლება ეკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის ან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა და იგი არ ღებულობს მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მუშაობაში, თუ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, ან მდივნის არჩევას ეხება.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.