შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტების შემცირების გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელია.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილების შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გუშინ გაკეთდა განცხადება.
"კარგა ხანია, ამ საკითხით მიდიოდა სპეკულირება. ჩვენი ინფორმაციით, დღესდღეობით ადგილზე ვითარება არ შეცვლილა, თუმცა ეს ძალიან შემაშფოთებელია, თუ ის განხორციელდა. მომდევნო კვირას ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება და მე იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულ გამოსავალს ვიპოვით და ასეთი შემზღუდავი ნორმა არ ამოქმედდება", - განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ეს შემზღუდავი ნორმა ამოქმედდება, ეს იქნება ცალსახად მიმართული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ეს ასევე იქნება ერთგვარი თვითიზოლაციის მცდელობა, რომელიც არანაირად არ შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"აბსოლუტურად მიუღებელია, შემაშფოთებელია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ განხორციელდეს და გამოსავალი კონსტრუქციულ რეჟიმში მოვძებნოთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.