ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილი ინგა ჩატოიანთან დღევანდელი დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს.
როგორც თეა ჯამალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბ ჯამალაშვილი უდანაშაულოა და პატიმრობაში იმყოფება მაშინ, როცა ინგა ჩატოიანი ცრუ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, თავისუფალია.
"ცრუ ჩვენებებია მიცემული. ჩემს მეუღლეს არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ კადრებთან. მის მიმართ სანქცია არის 13-წლამდე, გადაიყვანეს ციხეზე, ხოლო ინგა ჩატოიანი დადის გარეთ. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება. ინგა ჩატოანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, თუმცა ამის მცდელობა ნამდვილად მქონდა. მინდოდა გამომეჩინა მისი სახე, რათა დაენახა მთელ საქართველოს, რა ზეწოლის ქვეშ იყო", - განაცხადა თეა ჯამალაშვილმა.
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე ამავე საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს დღეს, სასამართლოში ორჯერ დაუპირისპირდა. პირველ შემთხვევაში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მეორედ კი ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომელიც მანდატურებმა აღკვეთეს.