პატარა ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა მხოლოდ ძლიერ მოკავშირესთან ერთად შეუძლია, - ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი გამოცემა "კომერსანტთან" ინტერვიუში აცხადებს.
თიბილოვი რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ შეთანხმების გაფორმების პირველ შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის გარე აგრესიისგან თავის დაცვა უპირველესი პრიორიტეტია.
"ორი ათწლეულის მანძილზე სამხრეთ ოსეთი ან ომის, ან საქართველოს მხრიდან მორიგი აგრესიის მოლოდინში ცხოვრობდა. რუსეთის მოკავშირის სტატუსი კი ხარისხობრივად უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამშრომლობის ახალ დონეს ნიშნავს", - აღნიშნა თიბილოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს "საქართველოს არმიის სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის შემდეგ" რუსეთმა ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ამან და მოგვიანებით რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ გაფორმებულმა ე.წ შეთანმებამ ოკუპირებულ რეგიონს ახალი სტიმული მისცა.