წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 163.2 ლარს შეადგენს. იანვარში კი აღნიშნული მაჩვენებელი 164.2 ლარს შეადგენდა.
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3 ლარითა და 20 თეთრით გაზრდილია. 2015 წლის თებერვალში იგივე მონაცემი 160 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში შემცირებულია საშუალო მომხმარებლისა (144.5 ლარი) და საშუალო ოჯახის (273.7 ლარი) საარსებო მინიმუმები.
საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად.