"ბურთი რუსეთის მხარეს იყო და უკვე მივიღეთ პასუხი, რომ მათაც მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება"

რუსეთთან ურთიერთობების საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან საბაჟო მონიტორინგის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

„რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სამუშაოები დაასრულა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდანაც მიღებულია, შესაბამისად, ორივე მხარე შევეიცარულ კომპანიასთან უახლოეს პერიოდში მოაწერს ხელს.

„ხელშეკრულებას საქართველოს და რუსეთის მთავრობებს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, რომელიც საბაჟო მონიტორინგის პროექტის ამოქმედებას და შვეიცარული კომპანიის ჩართვას გულისხმობს. ჩვენი მხრიდან, ყველაფერ გაკეთდა - როგორც იტყვიან, ბურთი რუსეთის მხარეს იყო და მივიღეთ პასუხი, რომ მათაც მიიღეს პრინციპული გადაწვეტილება. ალბათ, სამუშაო ჯგუფები შეხვდებიან ერთმანეთს შვეიცარიაში და მოსამზადებელ პერიოდს წერტილი დაესმება. შესაბამისი კონტრაქტები გაფორმდება ორივე მხრიდან შვეიცარიულ კომპანიასთან და აღნიშნული პროექტის რეალიზაცია დაიწყება",- აღნიშნა აბაშიძემ.

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ტვირთების გადაადგილებაზე შცეიცარული კომპანია საბაჟო მონიტორინგს 3 მიმართულებით მოახდენს: ერთი ე.წ. სავაჭრო კორიდორი გადის აფხაზეთზე, მეორე ცხინვალის რეგიონზე და მესამე ყაზბეგი - ლარსის მიმართულებით.

აბაშიძის ინფორმაციით, შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლები დააკვირდებიან ტვირთების მოძრაობას და შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან მხარეებს.

შეგახსენებთ, რომ  აღნიშნულ თემაზე მხარეებმა 16 მარტს, პრაღაში, აბაშიძე-კარასინის შეხვედრისას იმსჯლეს.