ევროკავშირი ყირიმის რუსეთის შემადგენლობის არაღიარებას განაგრძობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
"ორი წელი გავიდა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიიდან. ევროკავშირი რჩება კვლავ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. ევროკავშირი კვლავ იმეორებს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას გმობს. ეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს", - წერია მოგერინის განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების და უმცირესოებების, განსაკუთრებით კი ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევის გამო.