ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი საპატიმროში კახა კახიშვილის მისვლას ითხოვს

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი საპატიმროში კახა კახიშვილის მისვლას ითხოვს

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს მიმართავს და მისთვის ყურადღების მიქცევას სთხოვს. 

ზაუტაშვილი "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების ნომერ მე-5 დაწესებულებიდან დაუკავშირდა და განუცხადა, რომ A კორპუსში მისი პირობები, სხვა კორპუსებში მყოფ პატიმრებთან შედარებით გაუსაძლისია. 

როგორც ზაუტაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ე.წ. შეწყალების საქმის სკანდალის შემდეგ მას პრობლემები შეექმნა. 

"ვითხოვ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ბატონი კახა კახიშვილი მოვიდეს და თავად ნახოს, რა პირობებში იმყოფებიან A კორპუსში პატიმრები. ნამდვილად არ არის ყველა კორპუსში ერთნაირი პირობა, როგორც ამას გადმოსცემენ ხოლმე. არაერთხელ მივმართე ციხის ადმინისტრაციას გადაყვანის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ადმინისტრაციამ მომწერა პასუხი, რომ A კორპუსში გმალავთო. C კორპუსში შეიძლება რომ გადაგვიყვანონ ყველა - 50 პატიმარი ვართ სულ. ახლა გადაიყვანეს რამდენიმე, ვინც ამ მოთხოვნით შიმშილობდა. კიდევ არიან მოშიმშილეები, მათ შორის მეც. სადაც ვითხოვთ გადაყვანას, იქ გაცილებით უკეთესი პირობებია. ამიტომ ვითხოვ, რომ მოვიდეს მინისტრი, დაინტერესდეს პირობებით და თავად ნახოს, სად ვიხდით სასჯელს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაუტაშვილმა, რომლის შეფასებითაც, ის წინა და მოქმედი ხელისუფლების კოჰაბიტაციის მსხვერპლია. 

ამასთან, მსჯავრდებულის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ ალეკო ელისაშვილსაც ესაუბრა, როდესაც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მასთან საპატიმროში იყო შესული, თუმცა "ახლა ელისაშვილი მის ზარებს აღარ პასუხობს". 

ანასტასია ზაუტაშვილის ინფორმაციით, მან გუშინ სხვა კორპუსში გადაყვანის მოთხოვნით მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.