"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მასზე თავდასხმის საქმეში გამოძიებამ დაზარალებულად ცნო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ახლა უკვე დაცვის მხარე საქმის მასალების გადაცემას ელოდება.
"როგორც იცით, მუხლის გადაკვალიფიცირებას მოვითხოვთ, მაგრამ ამაზე უფრო მართებული იქნება კომენტარის გაკეთება საქმის გაცნობის შემდეგ. პროკურატურამ ბატონი ალექსი დაზარალებულად ცნო და როგორც დაგვპირდნენ, ხვალ გადმოგვცემენ საქმის მასალებს", - განაცხადა სამუშიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის კიდურების, წელის და თავის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო, რის შეცვლასაც დაცვის მხარე მკვლელობის მცდელობის მუხლით ითხოვს.
პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა. ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.