თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად, მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.
„თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ისევე როგორც „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებმა პირველ კორპუსში შევწყვიტეთ დემონსტრაციები, რათა ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესს, თუმცა ჩვენი მოთხოვნა - რექტორის გადადგომა, კვლავ ძალაშია“ - აღნიშნა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
მისი თქმით, სტუდენტები ხვალ, შეხვდებიან აკადემიურ საბჭოს, რათა „რექტორს დაატოვებინონ თანამდებობა, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს უნივერსიტეტში ინსტიტუციურ წესრიგს, თანამშრომლობს ე.წ. ოდეერთან, არ იღებს პასუხისმგებლობას არაფერზე.
"ვეცდებით სამართლებრივი გზებით მივიყვანოთ ჩვენი მოთხოვნა ბოლომდე. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ მივმართავთ რადიკალურ ზომებს.“
თუმცა, როგორც საბაურმა აღნიშნა, ამით ხელი არ შეეშლება სასწავლო პროცესს.
საპროტესტო აქციის მონაწილე მეორე სტუდენტურ ჯგუფთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, შალვა საბაურმა განაცხადა: „სტუდენტთა მთავარი გამარჯვება ისაა, რომ გამოვედით დაპირისპირების ფონიდან. არსებობს განსხვავებები გარკვეულ სტრუქტურულ ხედვაში. ჩვენ კონსტრუქციულ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, ვაპირებთ დიალოგს, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებზე. იქნება მწვავე დიალოგი, თუმცა ეს პლატფორმა ჩვენთვის მისაღებია.“