თედო ჯაფარიძე:  პრობლემა არის ის, რომ რუსებს ინტერესები და გავლენა ისევ ერთმანეთში ერევათ

თედო ჯაფარიძე: პრობლემა არის ის, რომ რუსებს ინტერესები და გავლენა ისევ ერთმანეთში ერევათ

აშკარაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მარტო ვებრძოლოთ რუსეთს და რომ არავინ შეებრძოლება რუსეთს საქართველოს გამო, - ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ "Defence Matters"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ერთადერთი იარაღია ძლიერ და უნარიან სახელწიფოდ ქცევა, რომელიც სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ზოგადად, ფუნქციონირებად დემოკრატიას ემყარება.

"სანამ ჩვენი დემოკრატია ორივე ფეხზე მყარად დადგება და სუვერენულ, კეთილგონივრულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ჩვენ ვიგებთ დროს, რომელიც შედეგის მისაღწევად გვჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან. მე ვფიქრობდი, რომ რუსეთში მოვიდოდა ახალი თაობა, რომელიც მოლაპარაკებებს განსხვავებული მიმართულებით წარმართავდა, მაგრამ შევცდი, რადგან, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, "არ არსებობს მუდმივი მეგობრობა და არ არსებობენ მუდმივი მტრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები". სხვათა შორის, ახალგაზრდა რუსი პოლიტიკოსები არანაკლებ აგრესიულები არიან, ვიდრე მათი წინამორბედები სტალინის, მოლოტოვისა და გრომიკოს ეპოქიდან. ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთს აქვს გარკვეული ინტერესები საქართველოში, უკრაინასა და ლატვიაში, შეიძლება სხვაგანაც... ან ყველგან. პრობლემა ის არის, რომ რუსებს ისევ ერთმანეთში ერევათ ინტერესები და გავლენა. არაფერია არალეგიტიმური იმაში, რომ რუსეთი თავის ინტერესებს იცავს, მაგრამ ინტერესებიდან გავლენამდე და ბატონობამდე ძალიან დიდი მანძილია დასაფარი, რომელსაც რუსეთი, ჩვეულებრივ, ძალიან სწრაფად ფარავს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

"Defence Matters"-მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ერთობლივი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის ქართულენოვან თარგმანს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.