ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში განიხილეს

ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში განიხილეს

ქალაქ ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშის განხილვა და დისკუსია გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ევროპარლამენტარების წინაშე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშები წარადგინეს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

განხილვაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის საკითხზე მოხსენება გააკეთა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებების განხორციელებაზე, ასევე, აღნიშნული პროცესის მონიტირინგის მნიშვნელობასა და მექანიზმებზე.

"ანგარიშების წარდგენის დასრულების შემდეგ, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში დაფიქსირებულ პროგრესზე, გამოთქვეს რეკომენდაციები. ევროპარლამენტარების მხრიდან ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით ევროპარლამენტის მიერ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას", - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან, სამეცნიერო ცენტრების მკვლევარებთან და ბრიუსელში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან.