ნატო-ს კარი მბრუნავ კარს ჰგავს - თითქოს შიგნით შეხვედი, მაგრამ წამში გარეთ აღმოჩნდები

ნატო-ს კარი მბრუნავ კარს ჰგავს - თითქოს შიგნით შეხვედი, მაგრამ წამში გარეთ აღმოჩნდები

საქართველოში დასავლეთისადმი მხარდაჭერის კლების ტენდენცია მაშფოთებს, რასაც თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს, - ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ "Defence Matters"-სთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად გავლენიანია საქართველოში რუსული პროპაგანდა, ჯაფარიძემ განმარტა, რომ მას აქვს გავლენა.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ მომწამვლელ გავლენას განიცდის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%, ისევე, როგორც ბევრი ევროპული სახელმწიფო და ამერიკის შეერთებული შტატები – "Russia Today"-ს ბევრი მაყურებელი ჰყავს, თუმცა მე ამ მაჩვენებელს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. დედააზრი ის არის, რომ ჩვენ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას შეუპოვრად უნდა ვებრძოლოთ, მიუხედავად მისი შედარებით მინიმალური გავლენისა. მე უფრო მაშფოთებს საქართველოში დასავლეთისადმი მხარდაჭერის კლების ტენდენცია, რასაც თავისი ლოგიკური მიზეზი აქვს. თუ ჩვენ ნატო-ზე ვისაუბრებთ, ნატო-ს ერთი სამიტიდან მეორემდე გამუდმებით გვესმის, რომ საქართველო მზად არის და უფლებამოსილიცაა, გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ "ეს" თუ "ის" მაინც შესასრულებელი დარჩა. შემდეგ სამიტზე კი გაისმის: "საქართველომ ეს გააკეთა? მაშინ ახლა ეს გააკეთოს". ჩვენი მეგობრები გამუდმებით ამბობენ, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა. ეს კარი მბრუნავ კარს ჰგავს: თითქოს შიგნით შეხვედი, მაგრამ წამში გარეთ აღმოჩნდები. შედეგების ნიშნული სულ ხელიდან გვისხლტება და წინ მიიწევს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "გასაგებია, რომ ნატო-სა და ევროკავშირს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, მაგრამ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის გულახდილი და მკაფიო გზავნილებია საჭირო".

"როდესაც ერთი სიცოცხლე გეძლევა, ძალაუნებურად გინდა შენს ცხოვრებაში დადებითი მოვლენები ხდებოდეს. ასეთ "ჩამოკიდებულ" მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა ძალიან რთულია! თუმცა გასაგებია, რომ ჩვენ მოთმინება გვმართებს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ საქართველო მყარი დემოკრატიის ქვეყანა გახდეს. შემდეგ ყველაფერი თავისით მოგვარდება. თუ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე ვისაუბრებთ, ეს შესაძლებელია მოხდეს 10, 15 ან თუნდაც 50 წელიწადში, როგორც ამას სხვადასხვა ევროპელი პარტნიორი გვეუბნება, მაგრამ ეს შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს. სასწაულები ხდება. საქართველო ამ შესაძლებლობისთვის მზად უნდა იყოს და არავის არ უნდა მისცეს იმის თქმის საშუალება, რომ "ქართველებს შანსი ჰქონდათ და ეს შანსი ხელიდან გაუშვეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"Defence Matters"-მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ერთობლივი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის ქართულენოვან თარგმანს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.