"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გაუქმება გამორიცხულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გაუქმება გამორიცხულია.

ასე გამოეხმაურა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განაცხადებას იმის თაობაზე, რომ "უკეთესი იქნება თუ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს საერთოდ გააუქმებენ".

თუმცა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა უნდა გაიმართოს, მათ შორის, რუსი დეპუტატების მონაწილეობით, ზაქარეიშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პარლამენტმა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა განაახლოს.

"რაც ეს კანონი დაიწერა, რუსეთი ითხოვს მის გაუქმებას. ჩვენც რომ მოვედით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი მესიჯი რუსეთიდან იყო, რომ კარგი იქნება, რომ თუ კანონი გაუქმდება, იმ იმედით, რომ შეიძლებოდა ახლა მაინც გადაგვეხედა პოზიციისთვის. ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, გამორიცხულია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი გაუქმდეს. სხვა საკითხია კანონში ამა თუ იმ ცვლილებების შეტანა. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ამ კანონის მიღება ვერ მოასწრეს ის, 8-ჯერ შეცვალეს. ამაში ტრაგედია არაფერი არ არის. ჩვენ ჯერ არ შეგვიცვლია კანონი. ჩემი სამინისტროდანაც იყო ინიცირება, რომელიც მეორე მოსმენაზე გაჩერდა მიზეზთა გამო. მე მიმაჩნია, ის ცვლილებები რომ განხორციელებულიყო და იმედია, ახლა მაინც განხორციელდება, მაშინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებაზე თბილისში საკითხი არ დაისმებოდა. ამიტომ ყველაზე კარგი გზა ახლა არის, პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.