ჩვენ გვსურს, რუსეთთან კეთილმეზობლური თანაცხოვრება, მაგრამ არ გვსურს რუსეთში ცხოვრება

ჩვენ გვსურს, რუსეთთან კეთილმეზობლური თანაცხოვრება, მაგრამ არ გვსურს რუსეთში ცხოვრება

ჩვენს რუს მეზობლებს ქართველებთან, ევროპელებთან, ამერიკელებთან და ჩინელებთან შედარებითაც კი, სტაბილურობის, უსაფრთხოების, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ფუნდამენტურად განსხვავებული აღქმა აქვთ, - ამის თაობაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ "Defence Matters"-სთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური თანაცხოვრება სურს, მაგრამ არ სურს, რუსეთში ცხოვრება.

"ამჟამად საქართველოში და მის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა "სტაბილური და ნორმალურია", თუმცა "სტაბილური და ნორმალური" საქართველოში იმავეს არ ნიშნავს, რასაც ნიშნავს ლატვიაში ან სხვაგან. საქართველოში "ნორმალურია", თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის ტანკები იდგნენ, ან საქართველოს მოქალაქეებს "სამხრეთ ოსეთის" ან სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები ზუსტად რუსეთის სამხედრო ბაზების ცხვირწინ იტაცებდნენ. აქ საუბარია ქვეყანაში ისეთ "სტაბილურობასა" და "უსაფრთხოებაზე", როდესაც მთელი სოფლები, ოჯახები და სასაფლაოებიც კი გაყოფილია. ამ გადმოსახედიდან, ერთ "რომელიმე ნორმალურ" დღეს "უსაფრთხოების" ჩვენებური ცნება არ ემთხვევა ნებისმიერ დღეს საშუალო ევროპელის წარმოდგენაში არსებულ "უსაფრთხოდ ყოფნის" ცნებას. ამ არაორდინარული ყოველდღიური რუტინის მიუხედავად, ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირის დღის წესრიგის ერთგული ვრჩებით და რეალისტური მოლოდინიც გვაქვს. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მანდატი და გვსურს, ვიყოთ ამ ორგანიზაციების წევრები, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს ხვალ არ მოხდება და რომ საჭიროა მოთმინება, დიდი ძალისხმევა და შანსის გამოყენება, როდესაც ხელსაყრელი მომენტი დადგება. ეს ზუსტად ის პოზიციაა, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ევროპელებისგან და ამერიკელებისგან, გვესმის", - განაცხადა ჯაფარიძემ საქართველოში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

ჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ უნდა შეძლოს თავის მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან თანაცხოვრება.

"უფრო რომ განვავრცოთ, სამხრეთი კავკასია არის მღელვარებით სავსე, მგრძნობიარე სამეზობლო, სადაც ხშირია ომები, კონფლიქტები და დავები. ეს არის რეგიონი, სადაც ყველა რაღაც შიდა თუ გარე ცვლილებების პროცესშია. რეგიონის ყველა ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ირანი – გარკვეული მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ არა ერთი მიმართულებით: თითოეული მათგანი თავის კონკრეტულ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ ტრაექტორიას მიჰყვება. ამ შემთხვევაში, საქართველო გზაჯვარედინია და უამრავი სტრატეგიული ვექტორი აქ იყრის თავს, აქ იკვეთება, რაც წარმოშობს სხვადასხვა სინერგიას, თუმცა იშვიათად სტრატეგიებს, რომლებიც, თავის მხრივ, ჯამში ნულოვანი ტიპის სტრატეგიებია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. ჩვენს გვსურს, რუსეთთან კეთილმეზობლური თანაცხოვრება, მაგრამ არ გვსურს რუსეთში ცხოვრება. ეს არის საქართველოს გზავნილი. სათანადოდ აღიქვამენ თუ არა ჩვენი რუსი მეზობლები ამ გზავნილს, ეს სხვა საქმეა. ჩვენს რუს მეზობლებს ქართველებთან, ევროპელებთან, ამერიკელებთან და ჩინელებთან შედარებითაც კი "სტაბილურობის", "უსაფრთხოების", "კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის" ფუნდამენტურად განსხვავებული აღქმა აქვთ, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

"Defence Matters"-მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ერთობლივი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის ქართულენოვან თარგმანს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.