სტუ-ს პროფესორი ზაალ მიქაძე, რომელიც თსუ-ში მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და სტუდენტების მოთხოვნებს უნივერსიტეტის ეზოდან უერთდებოდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
პროფესორის თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტების მოთხოვნა განათლების ძირეულ რეფორმასთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პრესკონფერენციაზე მიქაძემ უნივერსიტეტში არსებულ რამდენიმე პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ერთი პრობლემა უნივერსიტეტში ჩატარებული რექტორის უკანონო არჩევნები, კანცლერის და აკადემიური საბჭოს წევრების არჩევაა, მეორე მხრივ კი, პრობლემა სწავლების დონეს და პროფესორთა არასაკმარის ანაზღაურებას უკავშირდება.
მიქაძის თქმით, ასოცირებულ პროფესორს საათობრივ ანაზღაურებაში მხოლოდ 3 ლარს უხდიან, ეს მაშინ, როდესაც რუსულენოვან პროფესორს მასზე ორჯერ, ხოლო ინგლისურენოვანს - სამჯერ მეტი ანაზღაურება აქვს.
პრესკონფერენციაზე პროფესორებმა რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს: ბათილად ჩაითვალოს რექტორის, კანცლერისა და აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნები.
"თსუ-ში მეც ვიმყოფებოდი, რადგან მათი მოთხოვნა, რაც განათლების ძირეულ რეფორმას უკავშირდება, ტექნიკური უნივერსიტეტისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება დღეს განათლების სისტემაში. სტუდენტები ფულს იხდიან იმაში, რომ ცონდა ინოვაციური მეთოდებით მიიღონ, შეუძლებელია, ჩვენთან არსებული სისტემით განხორციელდეს. ზუსტად იგივე პრობლემებია ჩვენს უნივერსიტეტში, რაც თსუ-ში", - აცხადებს პროფესორი.
მისი თქმით, ეს უნდა აღმოიფხვრას, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
"ხმა თუ ამოიღე - მტერი ხარ. ამათ მეგობრობა მონობა ჰგონიათ და მე მეგობრობა თანასწორობად მიმაჩნია. გადადგეს ყალბი რექტორი, ასევე, გადადგნენ აკადემიური საბჭოს წევრები და ყველა ის, ვინც ჩაწყობითაა არჩეული! აკადემიური საბჭოს არჩევნების დღეს, სტუდენტებს საგამოცდო გრაფები გაეხსნათ ელექტრონული აღრიცხვის ჟურნალში. ეს გრაფები იძლევა განსხვავებულ ვადებს გამოცდების ჩასაბარებლად, რომელიც სპორტსმენებისა და შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი. აღნიშნული გრაფები კი, არჩევნების დღეს საეჭვოდ გაიხსნა ყველას სტუდენტისთვის, რაც ხმების მოსყიდვის მცდელობას გავს", - აცხადებს პროფესორი.
მისი თქმით, თუ არაფერი შეიცვალა იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი გაუმჯობესდეს, საპროტესტო აქციები გამორიცხული არ არის.
"არ შეიძლება ვატყუებდეთ ახალგაზრდებს; მათ მშობლებს. ჩემთვის წარმოუდგენელია 70-80 წლის ადამიური საბჭოს წევრმა, როგორ უნდა აითვისოს სწავლების ინოვაციური მეთოდები, რომლითაც სტუდენტს უნდა ასწავლოს. საქართველოს სტუდენტები კონკურენტუნარიანები უნდა იყვნენ მსოფლიოში. სწავლა სტუდენტებზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მოხუც პროფესორზე. რექტორს ამასთან დაკავშირებით ადრე, ბევრჯერ ვესაუბრეთ, მაგრამ უშედეგოდ", - განაცხადა მიქაძემ.