"პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი" პრემიერს უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების გეგმას სთავაზობს

"პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი" პრემიერ მინისტრს უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების გეგმას სთავაზობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ფონდიდან აცნობეს, ამის შესახებ ფონდის სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ჯანდიერმა და ფონდის შიდა პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა ლაგაზიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

დავით ჯანდიერის თქმით, უსაფრთხოების სისტემით საზოგადების ნებისმიერი წევრის უფლებები და თავისუფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

"უსაფრთხოება და ფუნდამენტური უფლებები არ წარმოადგენენ კონკურირებად ღირებულებებს. რეალური "უსაფრთხოება" ნიშნავს, როდესაც სათანადოდ უზრუნველყოფილია საზოგადოების ნებისმიერი წევრის უფლებები და თავისუფლებები", _ განაცხადა ჯანდიერმა.

როგორც "პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდში" აცხადებენ, ფონდის ინიციატივის თანახმად, დემოკრატიული სტანდარტების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია სისტემის მარეგულირებელი, ნათლად განსაზღვრული საკანონმდებლო ბაზა, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციათა მკვეთრი გამიჯვნა და კონტროლისა და ბალანსირების ეფექტური მექანიზმების შექმნა.

"საქართველოს განვითარების ფონდი" ბოლო ორი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე აქტიურად მუშაობს. ჩვენს მიერ არაერთი პრობლემა იქნა ამ მხრივ გამოკვეთილი, მათ შორისაა: უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური სტრუქტურა, უსაფრთხოების სამსახურის მომწესრიგებელი ნორმატიული ბაზა, სისტემის მართვა და საპარლამენტო კონტროლი, უსაფრთხოების სამსახურის საპოლიციო ფუნქციები", - განაცხადა "პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის" სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ჯანდიერმა.

ფონდის შიდა პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელის ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით კი, მათ ფონდს გააჩნია კონკრეტული ხედვები, რომლის დანერგვის შემთხვევაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემის გამართული მუშაობა უზრუნველყოფილი იქნება.

"მივმართავთ თხოვნით პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს რომ შეგვხდეს, რათა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასა და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან დაკავშირებული ხედვა შევთავაზოთ. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა ამ შეხვედრის აუცილებლობა", _ განაცხადა ლაგაზიძემ.