რუსეთი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ - სანქციები უმნიშვნელოვანესია და რაც უფრო ყოვლისმომცველი იქნება ისინი, მით უკეთესი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი Defence Matters-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომლის ქართულენოვან თარგმანს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"რუსეთი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. სანქციები უმნიშვნელოვანესია და, რაც უფრო ყოვლისმომცველი იქნება ისინი, მით უკეთესი. კრემლთან ნებისმიერი სახით კომუნიკაციისას აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გაგზავნოს მკაფიო მესიჯი, თუ რა არის ცუდი ქცევა და რა – კარგი. ამის ნათელი მაგალითია ტერორიზმი. როდესაც საქმე ასეთ საერთო და დიდ პრობლემას ეხება, რუსეთს არ უნდა ვუთხრათ: "ეს შენი საქმე არ არის". ამავდროულად, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, აკეთოს ის, რასაც სირიაში აკეთებს. ისლამური სახელმწიფოს საწინააღმდეგო დასავლური კოალიციის მიწვევის გარეშე კონფლიქტში ჩართვით რუსებმა საკუთარი, განცალკევებული თამაში წამოიწყეს", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ რუსეთმა შესძლო ყურადღება საქართველოდან უკრაინასა და სირიაზე გადაეტანა, უსუფაშვილი განმარტავს, რომ ერთი მხრივ, საქართველოზე რუსეთის აშკარა ზეწოლა შემცირდა, რადგან ის სხვაგან, უკრაინასა თუ სირიაში, გაიზარდა, მაგრამ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ პოლიტიკაში რაიმე ცვლილების დანახვა რთულია.
"მათ სტრატეგიულ მიმართულებებში და მიზნებში თითქმის არაფერი შეცვლილა. რუსეთთან დაძაბულობის შემცირება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ოკუპაცია ძალაშია, საფრთხე ისევ არსებობს. რუსეთს ვერ ვატყობთ, რომ ის აპირებს, დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს მსგავსად აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ აღარ გვსურს ახალი ომი ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გვინდა ვიყოთ პრობლემების მოგვარების პროცესის ნაწილი და არა მათი წარმოშობის მიზეზი.", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
Defence Matters-მა ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან ერთად ჩაწერა. ინტერვიუ 24 თებერვლით თარიღდება.