მიხეილ ჯანელიძე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

მიხეილ ჯანელიძე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"ჩვენ მივისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირისკენ და უკვე მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ამ გზაზე. საქართველო თავს იმკვიდრებს რეგიონში, როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, ყველაზე დიდი ემოციური გამოხმაურება ქართველ ხალხში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მოჰყვა, რადგან ეს შეთანხმება მათ დიდი ხნის ოცნების ახდენის, კერძოდ, ევროპის სრულუფლებიან წევრებად გახდომის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში, მიხეილ ჯანელიძემ ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია, რაც ნიშნავს, რომ "საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც შესაძლებელია, ევროკავშირმა თავისი საზღვრები გაუხსნას".