თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება, რადგან ეს ფორმატი მიმართულია სულ სხვა მიზნებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
კვაჭანტირაძის განმარტებით, კარასინი განცხადების გაკეთებისას, სავარაუდოდ მარტო მის აზრს არ აფიქსირებდა.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეული მესიჯიც მივიღეთ კარასინის პირით და მოდით ვაღიაროთ, რომ ის მარტო საკუთარ აზრს ალბათ არ ახმოვანდებდა. როდესაც ასე თითის დაქნევით გველაპარაკა. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რასთან გვაქს საქმე. თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება, რადგან ეს ფორმატი მომართულია სულ სხვა მიზნებისთვის", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრისგან გაცილებით მეტი ინფორმაციის მოსმენაა საჭირო.
"აბაშიძე -კარასინის ბოლო შეხვედრისგან ჩვენ გაცილებით მეტ ინფორმაციას მოვითხოვთ. ბატონ ზურაბს მოვიწვევთ და აუცილებლად ვკითხავთ მას ყველა დეტალს. ბევრი შეფასება გაკეთდა კარასინის გამონათქვამებთან დაკავშირებით. მიხარია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი იყო ერთსულოვანი განცხადებებში. ერთმნიშვნელოვნად ამ განცხადებას ცინიკურის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი კარასინი ამ განცხადებაში გაცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ვგულისხმობ წარმომადგენელს იმ კონკრეტულ ფორმატში, მოლაპარაკებებზე და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ ასეთი ტონალობა კიდევ იქნება გაჟღერებული, ბატონი კარასინის მხრიდან დავაყენოთ საკითხი ამ ფორმატის ხარისხობრივი ცვლილების შესახებ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.