თუკი ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის პრინციპს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით სრულად იზიარებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს და ამ კომენტარის პათოსს.
"მთელმა მსოფლიომ, ცივილიზებულმა სამყარომ და მსოფლიო თანამეგობრობამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველომ, დაწყებული 2012 წლიდან, გადადგა ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით. ყოველთვის, ამ ურთიერთობის ნორმალიზაციის კონტექსტში ჩვენ ვეფუძნებოდით უმთავრეს პრინციპს და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა. ასე იქნება მომავალში.
თუკი ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ ძირითად პრინციპს. ამ პრინციპისგან უკან დახევა არ იქნება, ისევე როგორც იმისგან, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული თავისი საგარეო ფაქტორი და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ყველა მთავრობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების არჩეულია, პატივს სცემს ამ არჩევანს", - განაცხადა ზალკალიანმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მოწოდებას, რომ საქართველოს საელჩოებმა თარგმნონ კარასინის განცხადებები და მიაწოდონ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ზალკალიანმა განმარტა, რომ საგარეო უწყება პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმშია.
"ყველა ინფორმაცია, ყველა განცხადება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები არიან ინფორმირებული. ჩვენს პარტნიორებს საკუთარი წყაროებიც აქვთ. მათ აქვთ საელჩოები, რომელიც აკრედიტებულია საქართველოში და ბუნებრივია, ამ წყაროდანაც იღებენ ისინი ინფორმაციას. ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორები ამის შესახებ არ არიან ინფორმირებული, ასე არ არის. ისინი როგორც ჩვენგან, ისევე საკუთარი საელჩოებიდან იღებენ ამომწურავ ინფორმაციას, როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე იმაზე, თუ რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ზალკალიანმა.