"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განუცხადა. საუბარია გამონაკლისის შესაძლებლობაზე, რათა რუსეთის დელეგაციას, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, პრობლემა არ შეექმნას.

შესაბამისი თხოვნით, გიორგი ვოლსკის თქმით, საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მიმართეს.

"ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, დელეგაცია, ისევე როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია და საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი მოგვმართავს თხოვნით, რომ შევქმნათ პირობები იმისთვის, რათა თბილისში 1-5 ივლისს დაგეგმილ ძალიან ფართომასშტაბიან ფორუმზე რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას პრობლემა არ შეექმნას. ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ. თუ ამისთვის კანონში შესატანი იქნება დეტალი იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ არის ნამყოფი ადამიანი და ის ამავე დროს რომელიმე ქვეყნის დელეგაციაში საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვლენილი, შეიძლება განვიხილოთ მისი დაშვების საკითხი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებშია", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ანალოგიური პრობლემა საქართველოს ორი წლის წინაც შეექმნა, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრს, რომელსაც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი ჰქონდა დარღვეული, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა. ამ მიზეზით, ევროპის საბჭომ საქართველოს უმნიშვნელო, თუმცა პოლიტიკურად არასასიამოვნო სანქცია დაუწესა.

"საერთაშორისო ფორუმის რეგლამენტი საქართველოში არსებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი. თუკი საერთაშორისო ფორუმი და საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაცია მოგვმართავს თხოვნით, რომ განვიხილოთ გამონაკლისის დაშვება, საქართველოს უნდა გააჩნდეს მექანიზმი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთი თხოვნა შეასრულოს. ამ მექანიზმის შემოტანაზეა საუბარი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, ეს ცვლილება 2013 წელსაც იყო ინიცირებული, როცა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში გაჩერდა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ "უკეთესი იქნება თუ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს საერთოდ გააუქმებენ, ვოლსკის თქმით, ეს არ განიხილება.

"რუსეთის მაღალი დონის წარმომადგენლისაგან არ უნდა გაგვიკვირდეს თუკი იტყვის, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი უნდა გაუქმდეს. ეს მათი მოსაზრებაა, მათი პოზიციაა, ამაში გასაკვირი და აღმაშფოთებელი მხოლოდ ისაა, რომ ოკუპაცია ხდება", - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ "საუბარი კანონის გაუქმებაზე არარეალურია და წინაპირობებიც არ გააჩნია".