„კვირიკაშვილის პრემიერობის პირობებში, გაუმჯობესებულია პოლიტიკა და კომუნიკაცია ბიზნესთან“

„კვირიკაშვილის პრემიერობის პირობებში, გაუმჯობესებულია პოლიტიკა და კომუნიკაცია ბიზნესთან“

Galt & Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ გაჩეჩილაძე ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდას, დევალვაციის ფაქტორების გადალახვას და პრემიერის სწორ გზავნილებს უკავშირებს.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ეს გზავნილები განხორციელდეს.

„ბიზნესი აკვირდება სახელმწიფოს პოლიტიკას ბიზნესის მიმართ - რამდენად მემარჯვენე არის ეს პოლიტიკა, ასევე, რამდენად აქვს დისციპლინა ბიუჯეტს ხარჯვითი კუთხით, მომავალი მოლოდინების კუთხით. ყველა ამ კუთხით და მიმართულებით, კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ, გაუმჯობესებულია პოლიტიკა და კომუნიკაცია ბიზნესთან. ამან არ შეიძლება დადებითი მოლოდინები არ შექმნას. ამასთან, დევალვაციის ფაქტორები გადავლილია. მთავარია, პრემიერის სწორი გზავნილები და დაპირებები განხორციელდეს, რადგანაც მოლოდინები შექმნილია იმ სწორი გზავნილებით, რომელიც კვირიკაშვილმა შექმნა“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ „პირWელთან“ საუბრისას.

მისივე განმარტებით, ლარის კურსის გამყარებაზე ბიზნესზე დადებითი მოლოდინები ნაწილობრივ მოქმედებს.

„კრიზისი გადალახულია და კვირიკაშვილის სწორი გზავნილები დაეხმარება ეკონომიკას, რომ ლარი გამყარდეს და ეკონომიკურ ზრდასაც სწრაფად დავუბრუნდეთ“,-აღნიშნა

Galt & Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ი ბიზნესის განწყობის ინდექსის (BCI) ზრდაზე მიუთითებს და მას კვირიკაშვილის ეფექტს უწოდებს.

ინდექსი პირველ კვარტალში, [-100; 100] შკალაზე 11-დან 14--მდე გაიზარდა. კვლევაში 222 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც 64 მსხვილი, ხოლო158 მცირე და საშუალო იყო.