შპს

შპს "ტელეკომპანია მაესტრომ" გავრცელების არეალი გააფართოვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს "ტელეკომპანია მაესტროს" განცხადების საფუძველზე, კომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება განხორციელდა.

შპს "ტელეკომპანია მაესტრო" ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელით (თბილისის მულტიპლექსი) გავრცელების უფლებას ფლობდა. კომპანიამ დამატებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით ( შპს "სტერეო+"-ის მულტიპლექსი) გავრცელების უფლება მოითხოვა, რაც კომისიამ დააკმაყოფილა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომპანიას განემარტა, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, მაუწყებლობის დაწყებამდე ათი დღით ადრე ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ყოველკვირეულად გამოქვეყნოს და კომისიას წარმოუდგინოს სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამების განრიგი. ასევე, შპს "ტელეკომპანია მაესტროს" ეთხოვა, დამატებით, წარმოადგინოს კომპანიის ის ბრენდული სახელწოდება, რომლითაც გეგმავს მაუწყებლობას შპს "სტუდია მაესტროსთან" ბრენდულ სახელწოდებისა და ლოგოსთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის დასრულებამდე.

შპს "ტელეკომპანია მაესტრო" კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, კომპანიის მაუწყებლობის ენა ქართულია, მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6 საათია, ხოლო გავრცელების ტექნოლოგიად მითითებული აქვს, გარდა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელისა, ასევე თანამგზავრული სისტემების გამოყენებით, ინტერნეტით და სხვა ტექნოლოგიებით მაუწყებლობა.