ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სამი მიმართულებით მიმდინარეობს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სამი მიმართულებით მიმდინარეობს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება სამი მიმართულებით მიმდინარეობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა , ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას კონკრეტულად იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც 5 პირი მიეცა პასუხისგებაში, ხოლო მთავარი პროკურატურა იძიებს 11 და 14 მარტს გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარუ ლ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეებს.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას - იმ ფარულ ჩანაწერებში, რომლის გამოც პასუხისგებაში მიეცა ხუთი ადამიანი, არის თუ არა 11 და 14 მარტს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები, კაციტაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს, რადგან დანიშნულია ექსპერტიზა.

"ვერ დაგიდასტურებთ. ეს ვიდეოჩანაწერები ასახავს ადამიანის პირად და ოჯახურ საიდუმლოებას, შესაბამისად, ვერ მოვახდენთ იდენტიფიკაციას, მით უმეტეს, რომ ექსპერტიზაა დანიშნული", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულთაგან დაკავებულები არიან ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე. გელა ღურწკაიას და ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს სხვა საქმეებზე ისედაც პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ხოლო ინგა ჩატოიანს ბრალი აქვს წაყენებული, დაკავებული არ არის და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

რაც შეეხება ზურაბ ჯამალაშვილის შვილს, ვასილ ჯამალაშვილს, რომელიც კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია, აქვს თუ არა შემხებლობა აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებთან, კაციტაძის თქმით, ეს გამოძიების დასადგენია.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ზურაბ ჯამალაშვილს კავშირი ჰქონდა ამ ვიდეოჩანაწერებთან, რომელიც მან გადასცა ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზურაბ ჯამალაშვილის შვილი, ვასილ ჯამალაშვილი 2012 წლის აპრილში ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და შეხება ჰქონდა აღნიშნული ტიპის ვიდეოჩანაწერებთან, ხოლო კონკრეტულად იმ ვიდეოჩანაწერებთან, რომლებთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პროკურატურამ ჰქონდა თუ არა კავშირი, ეს გამოძიების დასადგენია", - განაცხადა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ ზურაბ ჯამალაშვილი კუდის თანამშრომელი არ ყოფილა.