ექსპერტი ლევან კალანდაძე ვარაუდობს, რომ სწორი პოლიტიკის და გარე ფაქტორების დახმარებით, სრულიად შესაძლებელია ერთი დოლარის ღირებულება 2.2 ლარამდეც კი დაკორექტირდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განუცხადა, ლარის გამყარების ტენდენცია ერთი კონკრეტული ფაქტორით არ არის განპირობებული, ეს კომპლექსური საკითხია და მასზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარე ფაქტორები, რომელიც ლართან მიმართებაში ყოველთვის პრობლემური იყო, ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ეკონომიკა იმპორტზე ორინეტირებულია, საგარეო ფაქტორის, როგორც რისკფაქტორის მოხსნამ, ლარის კურსზე დადებითად იმოქმედა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, გარკვეული შემოდინებები მათ შორის, ტურისტული ნაკადები გაიზარდა, რაც ასევე პოზიტიური ფაქტია. გარდა ამისა, ამ კონტექსტში ექსპერტი პოზიტიური მოლოდინების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
როგორც ლევან კალანაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის ხარჯვა გეგმაზომიერად და თანაბრად მიმდინარეობს, შესაბამისად, ბიუჯეტი, როგორც რისკფაქტორი, ლარის კურსზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს.