ლარსზე, რუსულ მხარეს ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტი გაიხსნება, რომლის მიზანიც სომხეთ-რუსეთს შორის ტვირთების გადაზიდვის პროცესის გამარტივებაა.
როგორც სომხური მედია იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ არტურ არაქელიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იგეგმება არამხოლოდ დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნა, არამედ ისეთი გადაწყვეტილებების პოვნა, რომელიც "ლარსზე პრობლემებს მოაგვარებს".
როგორც არაქელიანმა აღნიშნა, კლიმატური პირობების გამო, გზაზე იქმნება სატვირთო მანქანების დიდი რიგები.
"ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვარიანტები რამდენიმეჯერ განვიხილეთ. ამ შეღავათებით სარგებლობას არამხოლოდ სომხური მხარე, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნების გადამზიდავებიც შეძლებენ. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია რუსულია, ამ სამუშაოებში აქტიური ჩართვა არ შეგვიძლია", - განაცხადა სომეხმა მაღალჩინოსანმა.