კრედიტორთა კრებაზე შპს

კრედიტორთა კრებაზე შპს "სტუდია მაესტროს" გადახდისუუნაროდ ცნობის შეჩერების შესახებ გაჩეჩილაძის განცხადება განიხილება

კრედიტორთა დღევანდელ კრებაზე ლევან გაჩეჩილაძის მხოლოდ ის განცხადება განიხილება, რომლითაც ის შპს "სტუდია მაესტროს" გადახდისუუნაროდ ცნობის შეჩერებას ითხოვს, - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა კრედიტორთა კრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წინა კრება გადაიდო იმის გამო, რომ გია გაჩეჩილაძემ დააყენა შუამდგომლობა ლევან გაჩეჩილაძის შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორად რეგისტრაციამდე არ მომხდარიყო კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება.

"წინა სხდომა შეწყდა გია გაჩეჩილაძის შუამდგომლობის გამო. შუამდგომლობა იქედან გამომდინარეობდა, რომ ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციამდე შპს "სტუდია მაესტროს" არ ექნებოდა შესაძლებობა სრულყოფილად წარმოდგენილიყო კრედიტორთა კრებაზე. მოცემულ კრებაზე შპს "სტუდია მაესტროს" უკვე ჰყავს ახალი დირექტორი და ლევან გაჩეჩილაძემ სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა შპს "სტუდია მაესტროს" მიმართ გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტა", - განაცხადა ნანუკა ჭკუასელმა.

რაც შეეხება კრედიტორთა დავალიანებას, ჭკუასელის განმარტებით, ამის შესახებ გეგმას ლევან გაჩეჩილაძე მხოლოდ მას შემდეგ დადებს, რაც სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მას შემდეგ რაც სასამართლო გაჩეჩილაძის მოთხოვნაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ დაიგეგმება კონკრეტულად როგორ მოხდება კრედიტორებთან მოლაპარაკება და დავალიანების დაფარვა", - განაცხადა ნანუკა ჭკუასელმა.