"ნაციონალური მოძრაობა": დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი 2012 წლამდე ძალოვან სტრუქტურაში არ მუშაობდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, დღეს დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი 2012 წლამდე ძალოვან სტრუქტურაში საერთოდ არ მუშაობდა.

"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ გამოძიება უსწრაფესად ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ ლევან ბეჟაშვილის თქმით, დღევანდელი დაკავების ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

მისივე თქმით, დაკავებული ჯამალაშვილი, რომელზეც პროკურატურა ამბობს, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, 2012 წლამდე ძალოვან სტრუქტურაში საერთოდ არ მუშაობდა.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოძიება უსწრაფესად ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ დღევანდელი დაკავების ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაკავებული პირი საერთოდ არ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, შვილი ბრალდებული იყო და პროკურატურასთან გარიგებითაა გამოშვებული, აქაც პროკურატურას აქვს ბერკეტები რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინონ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვა წინარე შემთხვევებში, როცა მეტი მტკიცებულებები იყო, ხელისუფლებამ არც ერთი ღონისძიება ბოლომე არ მიიყვანა და პირები არ დასაჯა. შანტაჟი, თვათვალი ამ მთავრობის მეთოდად იქცა, ამიტომ ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას პარტიის საერთასორისო მდივანი გიგა ბოკერია და დასძენს, რომ ამ საქმის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი კი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი არიან მთავრობაში, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყველა ასეთ გამოძიებას თან ძალიან ბევრი კითხვები ახლავს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების კომენტარებს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.