ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე – ბოლო პერიოდში გვითვალთვალებდნენ

ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე – ბოლო პერიოდში გვითვალთვალებდნენ

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე თეა ჯამალაშვილი ქმრის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

შესაბამისი კომენტარი თეა ჯამალაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის პროკურატურასთან გააკეთა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯამალაშვილი ქუჩაში დააკავეს, თუმცა კონკრეტულად სად – უცნობია.

"სახლში არ დაუკავებიათ. არ ვიცი სად მოხდა მისი დაკავება. არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. სახლიდან წაიღეს ჩემი პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, ლეპტოპი. ჩემ პირად ნივთებს რა კავშირი აქვს ჩემ მეუღლესთან არ ვიცი. ეს არის აბსოლუტური გაუგებრობა და მე თვითონ შოკში ვარ. მე დავადგენ იმ ფაქტს, რომ ჩემი ქმარი აბსოლუტურად უდანაშაულოა", - განაცხადა თეა ჯამალაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მასსა და მის მეუღლეზე თვალთვალი მიმდინარეობდა.

"თვალთვალი შევამჩნიე ბოლოს, მაგრამ რასთან დაკავშირებით უნდა ეთვალთვალად, ჩემთვის უცნობია. 2 ადამიანი მითვალთვალებდა და მანქანა მუდმივად დამყვებოდა. ჩემ სახლთანაც იდგნენ მუდმივად და რატომ იდგნენ არ ვიყავი საქმის კურსში", - განაცხადა ჯამალაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე.