სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მოუწოდებენ, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა თორნიკე შევარდნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვითმმართველობის წევრებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც ისინი რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და შეეცადნენ თავს დასხმოდნენ რექტორს.
"მართალია პაპავა არ იმყოფებოდა კაბინეტში, თუმცა არანაირი გარანტია არ იყო იმისა, რომ რექტორს არ დაემუქრებოდა საფრთხე", - განაცახადა თორნიკე შევარდნაძემ.
"აუდიტორია 115"-ის კიდევ ერთმა წევრმა, სტუდენტმა გოჩა სურგულაძემ კი საზოგადოებას მოუწოდა სტუდენტების მხარდასაჭერად უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მოვიდნენ. მისი თქმით, თუ პოლიცია არ დაიცავს მათ უფლებებს, მაშინ საზოგადოებას თხოვენ, რომ დაიცვას სტუდენტები.
რექტორის კაბინეტში თვითმმართველობის წევრები ერთი საათის წინ შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ კაბინეტს არ დატოვებენ, სანამ რექტორი ლადო პაპავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.