ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ვიდეოების გავრცელება საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს

ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ვიდეოების გავრცელება საბოლოოდ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს

ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "საბოლოო ჯამში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებშია , რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს".

"ძალიან ბევრი მხარე შეიძლება იყოს დაინტერესებული იმაში, რომ ასეთი ვიდეოები გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, არის ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში, რომ ეს გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი რამე არ მოხდება, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველაფერი არის რუსეთის ინტერესებში. ვიღაცა ამას აკეთებს ცნობიერად, ვიღაცა გაუცნობიერებლად, მე ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ამ კითხვებზე პასუხის უნდა გასცეს მთავრობამ, ხოლო აქვს თუ არა ამის უნარი, ვნახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი დაკავშირებულია პოლიტიკასთან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი და ეიფორია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ დანაშაული გახსნა.

"ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ საქმე არის გახსნილი და ოპერატიული იყო პროკურატურა, ნაადრევია. არც ვიცით, ეს ადამიანები რა ბრალით არიან დაკავებული, შეიძლება საუბარი საერთოდ არ იყოს იმაზე, რომ რამე ატვირთეს. შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ ეს ფარული ჩანაწერები ჰქონდათ და ვიღაცას გადასცეს და ა.შ. ასე რომ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ჩასატარებელია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს სამუშაო ჩატარდეს ძალიან სწრაფად და ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ასეთი ვიდეოების გადაღებაში, ატვრითვაში, გავრცელებაში, დაისაჯოს რაც შეიძლება სასტიკად. კითხვები არ უნდა დარჩეს არავის, მათ შორის საზოგადოებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ მარაზმში, არის გამოვლენილი და დასჯილი. ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ, ამიტომ ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით, რომ საქმე გამოიძია ამ მთავრობამ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.