ნიუ-იორკში გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესია გაიხსნა

ნიუ-იორკში გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესია გაიხსნა

ნიუ-იორკში გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესია გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული სესიის მთავარი თემაა ქალთა გაძლიერების კავშირი მდგრად განვითარებასთან. სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია მრგვალ მაგიდასთან, სადაც სიტყვით საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე გამოვიდა. მან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე, ეროვნული მექანიზმების განმტკიცებაზე ისაუბრა და აუდიტორიას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე მოახსენა.

ჯაფარიძის განცხადებით, კომისიის დებულებაზე მუშაობა სრულდება.

"საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან შესაბამისი უწყებების მინისტრების მოადგილეები. კომისიის მანდატი სხვა საკითხებთან ერთად გავრცელდება გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე, გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობაზე ყველა სამინისტროში და გენდერული მეინსტრიმინგის პოლიტიკის შემუშავებასა და გადახედვაზე, სქესის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებაზე, ანალიზსა და კვლევაზე, გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენაზე, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (ჩEDAჭ) და შესაბამისი სპეციალური მომხსენებლების, ასევე გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების/პოლიტიკის შემუშავებაზე. კომისია ანგარიშვალდებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის საუწყებათაშორისო საბჭოსა და პარლამენტის წინაშე. კომისიას ეყოლება სამდივნო, რომელიც მას თავისი ფუნქციების განხორციელებაში დაეხმარება", _ აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, საუბრისას სოფო ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მრავალი წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის არარსებობა აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წუხილის საგანი იყო. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ურყევ ნებას გაითვალისწინოს გენდერული თანასწორობის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში.

საქართველოს დელეგაციას გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს.