დიმიტრი ქუმსიშვილი: ფარული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს შსს-დან აქვთ გატანილი

დიმიტრი ქუმსიშვილი: ფარული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს შსს-დან აქვთ გატანილი

ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ ფარული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს შსს-დან თავის დროზე აქვთ გატანილი.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები დღეს ამ ჩანაწერებს შანტაჟისთვის იყენებენ. რაც შეეხება იმას, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია დაკავებული, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ახლა ჟურნალისტებისგან შეიტყო.

,,დასკვნა, რომელიც ახლა შემიძლია გავაკეთო, არის შემდეგი - რაც ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ აღნიშნული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ თავის დროზე შსს-დან გატანილი, ან არ ვიცი, შეიძლება მათ ეს თავიდანვე უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული და ეს ადამიანები დღეს ამ ჩანაწრებს შანტაჟისთვის იყენებენ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვიცე პრემიერის თქმით, ნებისმიერი შანტაჟი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება, გავრცელება აბსოლუტურად მიუღებელია როგორც მისთვის პიროვნულად, ასევე ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნულით არის დაკავებული, ან აქვს სურვილი, რომ დაკავდეს.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს ჩანაწერები 2012 წლამდეა გადაღებული, ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია.