მთავარი პროკურატურა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში უწყება ადასტურებს, რომ აყვანილია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, თუმცა განმარტავს, რომ მათი დაკავება პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე მოხდა.
"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს. მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.