"კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მეხსიერების ბარათზე ჰქონდა"

ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე პროკურატურამ კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დააკავეს.

ჯალამაშვილს ბრალი 157-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელებას გულისხმობს.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ჯამალაშვილი უკვე დაკითხეს და ის ბრალს არ აღიარებს. გამოძიების ინფორმაციით, ჯამალაშვილს პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეოჩანაწერები მეხსიერების ბარათზე ჰქონდა და სხვა პირებს გადასცა, თუმცა ჯერჯერობით, მათი ვინაობა უცნობია. 

მისი ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ვარაუდობს, რომ ზურაბ ჯამალაშვილის დაკავება შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის შვილს ვასილ ჯამალაშვილს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში იყო დაკავებული.

"იურისტი ორი დღის წინ დაკავეს. პირადად შევხვდი ჯამალაშვილს. ის ბრალს არ აღაირებს. ამ ეტაპზე, პროკურატურის მტკიცებულებები არ ვიცი. მე მხოლოდ ბრალი გადმომეცა. ედავებიან, რომ მას ჰქონდა "ფლეშკაზე" ვიდეოები, რომელიც სხვას გადასცა. ადრე ჰქონდა მის შვილს ბრალი წარდგენილი, შესაძლებელია, რომ მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა, ვასილ ჯამალაშვილს არც მაშინ ჰქონდა წვდომა ფარულ ვიდეოჩანაწერებზე. როგორც გახსოვთ ე.წ. ვირუსის შექმნაზე იყო დაკავებული", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში, კიბერდანაშაულისთვის, კომპიუტერში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული.